ბიოგრაფია
ალექსანდრ სლადკოვსკი (ალექსანდრ ვალენტინოვიჩ სლადკოვსკი რუს.) დაიბადა 23 ნოემბერს 1956 წ. დნეპროპეტროვსკში (უკრაინა), პოლონურ-რუსულ ოჯახში. მშობლები ინჟინრები იყვნენ. 1963 წელს შევიდა საშუალო სკოლაში, რომელიც 1973 წელს ოქროს მედლით დაამთავრა. ბოლო წლებში სპეციალიზებულ მათემატიკურ კლასში სწავლობდა. პარალელურად დაამთავრა დნეპროპეტროვსკის მუსიკალურ სასწავლებელთან არსებული მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს კლასით.
1973 წელს ჩაირიცხა დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ДГУ) მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 5-წლიანი სწავლის შემდეგ უნივერსიტეტი წარჩინების დიპლომით დაამთავრა სპეციალობით „მანქანების დინამიკა და სიმტკიცე“. 3 კურსიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ В.И. Моссаковский-ის ხელმძღვანელობით, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობდა „დრეკადობის გამოყენებითი თეორიის“ კათედრას და უნივერსიტეტის რექტორი იყო.
1978 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობა დაიწყო ДГУ-ის კონსტრუქციების სიმტკიცისა და საიმედოობის პრობლემურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში, სადაც დრეკადი სხეულების კონტაქტური ურთიერთქმედების გაანგარიშების საკითხებზე მუშაობდა.
1978 წლის შემოდგომაზე ა.ვ. სლადკოვსკი დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩაირიცხა „დრეკადობის გამოყენებითი თეორიის“ კათედრაზე. სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისას მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი ვ.ი. მოსაკოვსკი. 1981 წელს ასპირანტურის დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძო დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტრუქციების სიმტკიცისა და საიმედოობის პრობლემურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. დრეკადი სხეულების კონტაქტური ურთიერთქმედების კვლევასთან დაკავშირებული ნაშრომების საფუძველზე მომზადდა სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი „დრეკადი სხეულების კონტაქტისას მიკროცურების კვლევა“, რომელმაც 1983 წელს სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებათა საკავშირო საბჭოს (ВСНТО) პირველი პრემია მიიღო.
1983-დან 1986 წლამდე მუშაობდა დსუ-ს ჰოლოგრაფიის დარგობრივ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში სამეცნიერო-კვლევითი სექტორის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. კვლევის მთავარი ობიექტი იყო ჰოლოგრაფიული ინტერფეროგრამების გაშიფვრა. ამასთანავე ასრულებდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პასუხისმგებელი შემსრულებლის ფუნქციებს.
1986-დან 1987 წლამდე მუშაობდა დსუ-სთან არსებულ გარემოს დაცვის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში (НИЛ ЭКООС) უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში სამეცნიერო კვლევები ეკონომიკური ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავების საკითხებს ეხებოდა.
1986-1988 წლებში ასევე მუშაობდა ასისტენტად დსუ-ს გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის „ელექტრონული გამოთვლითი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის“ კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს პროგრამირებასა და გამოთვლით მეთოდებში.
1987 წელს ა.ვ. სლადკოვსკიმ დაიცვა დისერტაცია „მიკროსრიალი დრეკადი სხეულების სტაციონარული ურთიერთქმედების პირობებში“ და მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სპეციალობით 01.02.04 „დეფორმირებადი მყარი სხეულის მექანიკა“. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი ვ.ი. მოსაკოვსკი. დაცვა დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალიზებულ საბჭოში გაიმართა.
ა.ვ. სლადკოვსკის სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა 1983 (ორჯერ) და 1987 წლებში დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მადლობებითა და პრემიებით აღინიშნა.
1987 წელს ა.ვ. სლადკოვსკი სამუშაოდ გადავიდა დნეპროპეტროვსკის მეტალურგიულ ინსტიტუტში (ДМетИ). ამჟამად ეს არის უკრაინის ეროვნული მეტალურგიული აკადემია (НМетАУ). 1993 წლამდე მუშაობდა „გამოყენებითი მექანიკის“ კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ხელმძღვანელობდა ჯგუფს და იყო რკინიგზის თემატიკის, აგრეთვე სამრეწველო ტრანსპორტთან დაკავშირებული რიგი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პასუხისმგებელი შემსრულებელი. პარალელურად, ასისტენტის რანგში ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებდა რამდენიმე სპეციალობის სტუდენტებს.
1989 წელს სსრკ-ის უმაღლესი საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ა.ვ. სლადკოვსკის მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სამეცნიერო წოდება სპეციალობაში „დეფორმირებადი მყარი სხეულის მექანიკა“.
1993-1996 წლებში იგი სტაჟირებას გადიოდა დმეტი-ს „გამოყენებითი მექანიკის“ კათედრის დოქტორანტურაში და პარალელურად ამავე კათედრის დოცენტის მოვალეობებს ასრულებდა. 1996 წლიდან ა.ვ. სლადკოვსკისთვის დოცენტის თანამდებობა ძირითადი გახდა, ამასთან, იგი პარალელურად უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა.
1997 წელს ა.ვ. სლადკოვსკიმ დაიცვა დისერტაცია „ბორბალი-რელსის წყვილის რაციონალური კონსტრუქციების თეორიული დასაბუთება და შემუშავება სარკინიგზო სამთო-სატრანსპორტო მანქანებისა და აგრეგატებისთვის“. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, სპეციალობით 05.15.16 „სამთო მანქანები“, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა უკრაინის ეროვნული სამთო აკადემიის სპეციალიზებულ საბჭოში გაიმართა.
1999 წლიდან ა.ვ. სლადკოვსკი მუშაობდა დმეტИ-ის „გამოყენებითი მექანიკის“ კათედრის პროფესორის თანამდებობაზე, თავდაპირველად კათედრის შტატში, ხოლო 2000 წლიდან — კონტრაქტით. ამან მას საშუალება მისცა, 2003 წლამდე უკრაინასა და პოლონეთში პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა შეეთავსებინა.
2001 წელს უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საატესტაციო კოლეგიის გადაწყვეტილებით ა.ვ. სლადკოვსკის მიენიჭა გამოყენებითი მექანიკის კათედრის დოცენტის სამეცნიერო წოდება, ხოლო 2002 წელს უკრაინის იმავე სამთავრობო ორგანომ მას გამოყენებითი მექანიკის კათედრის პროფესორის სამეცნიერო წოდება მიანიჭა.
1998 წელს ა.ვ. სლადკოვსკიმ სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის ნმეტაუ-ის რექტორის პრემია მიიღო.
1998-2000 წლებში ასევე ასწავლიდა უკრაინის მეტალურგიული კომპლექსის ხელმძღვანელი კადრებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში პროფესორის თანამდებობაზე.
სხვადასხვა წლებში იყო უკრაინის ეროვნული სამთო აკადემიისა და დნეპროპეტროვსკის სარკინიგზო ტრანსპორტის ეროვნული უნივერსიტეტის (ДИИТ) სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოების წევრი.
2000 წლიდან ა.ვ. სლადკოვსკის საქმიანობა დაკავშირებულია სილეზიის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც იგი კონტრაქტის საფუძველზე სატრანსპორტო ფაკულტეტის „სარკინიგზო ტრანსპორტის კათედრის“ პროფესორის თანამდებობაზე მიიღეს. 2002 წელს ა.ვ. სლადკოვსკი კონკურსის წესით აირჩიეს ამ კათედრის ექსტრაორდინარული პროფესორის თანამდებობაზე. იმავე წელს, უკრაინაში პროფესორის სამეცნიერო წოდების მიღების შემდეგ, პოლონეთის განათლების აღიარებისა და საერთაშორისო გაცვლის ბიურომ ა.ვ. სლადკოვსკის ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორის ტიტული უღიარა.
2006 წელს პროფესორმა ა.ვ. სლადკოვსკიმ პოლონეთის მოქალაქეობა მიიღო.
2006 წლიდან ა.ვ. სლადკოვსკი მუშაობდა სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკისა და სამრეწველო ტრანსპორტის კათედრაზე. 2007 წელს ა.ვ. სლადკოვსკი არჩეულ იქნა ორდინარული პროფესორის თანამდებობაზე, ხოლო 2009 წელს — ლოგისტიკისა და სამრეწველო ტრანსპორტის კათედრის გამგედ. 2013 წელს იგი ხელახლა აირჩიეს ახალი ვადით (ოთხი წლით). 2017 წელს, კათედრების გაერთიანებასთან დაკავშირებით, პროფ. ა. სლადკოვსკი არჩეულ იქნა ლოგისტიკისა და საავიაციო ტექნოლოგიების კათედრის გამგედ. 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ტექნოლოგიების კათედრას. 2021 წლიდან არის სარკინიგზო ტრანსპორტის კათედრის პროფესორი.
2008 წლიდან ასრულებდა დეკანის მოადგილის ფუნქციებს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. იყო საერთაშორისო პროგრამების LPP-ERASMUS, CEEPUS, TEMPUS კოორდინატორი. ამჟამად ასრულებს ERASMUS+ და CEEPUS პროგრამების კოორდინატორის, აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორის ფუნქციებს ტრანსპორტისა და საავიაციო ტექნიკის ფაკულტეტზე.
2021 წლის მაისში სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ა. სლადკოვსკი დანიშნა რექტორის სრულუფლებიან წარმომადგენლად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიასთან თანამშრომლობის საკითხებში.
არაერთხელ დაჯილდოვდა სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის პრემიით სამეცნიერო და ორგანიზაციულ საქმიანობაში მიღწევებისთვის (2006, 2008, 2010, 2012 - 2014, 2016 – 2019, 2021, 2023 – 2025). 2020 წელს ა.ვ. სლადკოვსკი დაჯილდოვდა სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური პრემიით მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღწევებისთვის.
2006 წლიდან ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ტრანსპორტის პრობლემებს“, როგორც მთავარი რედაქტორი.
არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის კოორდინატორი, თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, ასევე შედის მრავალი კონფერენციის პროგრამული და სამეცნიერო კომიტეტების შემადგენლობაში.
2010-2013 წლებში იყო ამწე-სატრანსპორტო ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (DETRANS) სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
2013 წელს ურალის გზათა მიმოსვლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (УрГУПС, ეკატერინბურგი) ა. სლადკოვსკის УрГУПС-ის საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა.
იმავე წელს ა. სლადკოვსკი რუსეთის ტრანსპორტის აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) აირჩიეს. თანამშრომლობს РАТ-ის ურალის განყოფილებასთან.
2013 წელს სეგედის უნივერსიტეტმა (უნგრეთი) ა. სლადკოვსკის თანამშრომლობისთვის გამორჩეული პარტნიორის წოდება მიანიჭა.
2014 წელს დაჯილდოვდა პოლონეთის სახალხო განათლების კომისიის მედლით.
2015 წელს ვ. დალის სახელობის აღმოსავლეთ უკრაინის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ა.ვ. სლადკოვსკის ВУНУ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
2016 წელს დაჯილდოვდა ნიშნით „სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისთვის“.
2016 წელს მიღებულ იქნა ბულგარეთის მეცნიერთა კავშირის წევრად. გარდა ამისა, 2016 წელს იგი მიღებულ იქნა ბულგარეთის სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების ფედერაციაში მანქანათმშენებელთა კლუბის წევრად (რუსეს სამეცნიერო-ტექნიკური სპეციალისტების ტერიტორიული ორგანიზაცია).
2017 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საპატიო წევრად.
2018 წელს ანგელ კანჩევის სახელობის რუსეს უნივერსიტეტმა (ბულგარეთი) ა.ვ. სლადკოვსკის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
2019 წელს აკადემიკოს ვ. ლაზარიანის სახელობის დნიპროს სარკინიგზო ტრანსპორტის ეროვნულმა უნივერსიტეტმა (ДИИТ, უკრაინა) ა. სლადკოვსკის საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა. იმავე წელს პარდუბიცეს უნივერსიტეტის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ფაკულტეტმა პროფ. ა. სლადკოვსკი მედლით დააჯილდოვა აღიარების ნიშნად ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობისთვის.
2021 წელს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ა. სლადკოვსკი კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის პოლონეთის აღორძინების ორდენის რაინდის ჯვრით დააჯილდოვა.
ტექნიკური ფაკულტეტის რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 5 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ პროფესორ ალექსანდრ სლადკოვსკისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება გადაწყვიტა.
2024 წელს ევროპის არქიტექტურის აკადემიამ ალექსანდრ სლადკოვსკის მოწვეული პროფესორის საპატიო წოდება მიანიჭა.
არის არაერთი სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების წევრი.
ფლობს პოლონურ, რუსულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებს.
დაოჯახებულია, ჰყავს ერთი ვაჟი.
უკან