ტრანსპორტის სფეროს მეცნიერების ფორუმი სილეზიის ტექნიკურ უნივერსიტეტში
2017 წლის 30 ივლისს დასრულდა მორიგი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტრანსპორტის ფაკულტეტზე „ტრანსპორტის პრობლემების“ ციკლის ფარგლებში ტარდება. 26-27 ივნისს გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ხოლო შემდეგ, 28-30 ივნისს, ჩატარდა კონფერენციის ძირითადი ნაწილი — ამ ციკლის მეცხრე კონფერენცია. კონფერენციასა და სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 21 ქვეყნიდან 250-ზე მეტმა სპეციალისტმა, მათგან დაახლოებით 110 მონაწილე უშუალოდ პოლონეთში ჩავიდა აშშ-დან, ჩინეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან, უზბეკეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან.
სიმპოზიუმის მონაწილეებს სხდომების დროს ურთიერთობის გარდა შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სილეზიის რეგიონს და დაეთვალიერებინათ ქალაქების — კატოვიცესა და ტიხის — რამდენიმე ღირსშესანიშნაობა. კერძოდ, სიმპოზიუმის მონაწილეებს აინტერესებდათ ავტომობილების წარმოება კომპანია Fiat Chrysler Automobiles-ის (FCA) ქარხანაში, ქალაქ ტიხიში, სადაც თავმოყრილია მსოფლიოში ავტომობილების წარმოების ერთ-ერთი უდიდესი საწარმო.
ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის მონაწილეები ქალაქ ტიხიში FCA Poland-ის ქარხნის მონახულებისას
კონფერენციის მონაწილეები კატოვიცეს ტრანსპორტის ფაკულტეტზე პლენარული სხდომის დროს
კონფერენციის ძირითადი ნაწილი გასვლითი იყო. პლენარული სხდომის შემდეგ მონაწილეები პოლონეთის ერთ-ერთ მეტად საინტერესო ისტორიულ ადგილას — ქალაქ სულეიუვში გაემგზავრნენ. სტუმრები სხდომებში მონაწილეობდნენ და მე-12 საუკუნის უძველესი მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში ცხოვრობდნენ. ამ შენობების კედლებს არაერთი პოლონელი მეფე და გამოჩენილი მოღვაწე უნახავს. შენობების ესოდენ ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, თანამედროვე სასტუმრო სათანადოდ იყო მოწყობილი სხდომების ჩასატარებლად, რომლებიც სამ პარალელურ სექციად მიმდინარეობდა. კონფერენცია დასრულდა მრგვალი მაგიდის სხდომებით, რომლებზეც ტრანსპორტის საერთაშორისო აკადემიის შექმნის იდეა განიხილეს.
კონფერენციის გასვლითი სესიის მონაწილეები სულეიუვის უძველესი მონასტრის კედლებთან, სადაც კონფერენციის ძირითადი ნაწილი გაიმართა
კონფერენციის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქალაქ ლოძის მაგალითზე გაცნობოდნენ პოლონეთის ღირსშესანიშნაობებს. ამ ქალაქის ისტორიაში რამდენიმე ეროვნული და რელიგიური კულტურა გაერთიანდა. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ბელხატოვის მურა ნახშირის ღია კარიერი, რომელიც გამოყენებული ტექნოლოგიების თვალსაზრისით უნიკალური ობიექტი და ევროპაში ამ ტიპის უდიდესი კარიერია.